Wednesday, May 27, 2015

სხეულის ენა

ჩვენი სხეულის ენა გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენზე და ჩვენს ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გამოხატვა. ნებისმიერი ფიზიკური ჟესტი, რომელსაც ვაკეთებთ, ქვეცნობიერად თავისებურადაა აღქმული სხვების მიერ. ეს შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სხეულის ენას ვიყენებთ. ზოგიერთი ჟესტი ძალიან პოზიტიურ ასოციაციას ქმნის, ზოგი კი პირიქით, ნეგატიურს.
არიან ადამიანები, რომელთა პიროვნების ამოცნობა ძალიან ადვილად შეიძლება იმდენად მარტივ სხეულის ენას მიმართავენ. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებთაც ნებისმიერი სირთულის სხეულის ენის გაშიფრვა შეუძლიათ და მათი მოტყუება არცთუ ისე ადვილია. სწორედ იმისათვის, რომ შევძლოთ ადამიანთა ქცევისა და ჟესტების გამოცნობა, მცირეოდენი ტრენინგი დაგვეხმარება გავიუმჯობესოთ უნარ-ჩვევები.
სხეულის ენის სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში და კულტურაში ჟესტები სხვადასხვაგვარად აღიქმება. ამიტომ, როდესაც ბიზნესით ან სხვა ისეთი საქმიანობით ხართ დაკავებული, რომელიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობას მოითხოვს, აუცილებელია რამდენიმე ძირითადი ჩვეულების ცოდნა.
მაგალითად:
თავის დაკვრა დასავლეთში თანხმობის ნიშნად აღიქმება, თუმცა მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში მას უამრავი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და არ არის აუცილებელი ყოველთვის ”დიახს” ნიშნავდეს.
თვალით კონტაქტი იაპონიაში უხეშობად ითვლება. ისინი უმეტესად დაბლა ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან, ამიტომ ეცადეთ მათ არ მიაშტერდეთ.
მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სხეულის ენისა, არსებობს საერთო ენა, რომლის ამოცნობითაც ჩვენ მივხვდებით თუ რა პიროვნებასთან გვაქვს სქმე, სიამოვნებს თუ არა ჩვენთან ურთიერთობა და ა.შ.
თუკი ადამიანს საგნები სხეულის პირდაპირ უჭირავს, მაგ. ყავის ფინჯანი, ხელჩანთა და მსგავსი საგნები, ესე იგი ეს პიროვნება მორცხვი და თავშეკავებულია, მისი მოქმედება კი გამოხატავს იმას, რომ იგი იმალება საგნების უკან. ამიტომ თუ არ გინდათ ვინმემ თქვენი სისუსტეები შეიტყოს, საგნები მუდამ გვერდით და არა წინ დაიჭირეთ.
საათის ხშირ-ხშირად შემოწმება მობეზრების ნათელი ნიშანია, განსაკუთრებით თუკი ვინმეს ესაუბრებით. ასევე ცუდი ნიშანია ფრჩხილების კვნეტა საუბრის დროს. თავიდან აიცილეთ ამგვარი აშკარა და უარყოფითი მნიშვნელობის ჟესტიკულაცია.
თუ გინდათ ვინმეს აგრძნობინოთ, რომ იგი არ მოგწონთ (ან მათი იდეები), დაწვრილებული თვალებით უყურეთ საუბრის დროს. ეს მოღუშულ და გაღიზიანებულ გამომეტყველებას მოგცემთ.
ასევე ცუდი ტონის მაჩვენებელია თუკი ადამიანებს ძალიან მიუახლოვდებით. ისინი თავს არაკომფორტულად იგრძნობენ და შესაბამისად მათ კეთილგანწყობასაც ვერ მოიპოვებთ. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი პერსონალური სივრცის შეგრძნება, რომლის დარღვევის შემთხევაშიც გამოიწვევთ მათ გაღიზიანებას.
საუბრის დროს სახეზე შეხება, განსაკუთრებით კი ცხვირზე, სიცრუის ფართოდაღიარებული გამოხატულებაა. ასევე, პირზე ხელის აფარების დროს, მოსაუბრე ყველაზე ხშირად ტყუის.
ტყუილის კიდევ ერთი ნათელი ნიშანი არის ხელოვნური ღიმილი. ჭეშმარიტი ღიმილი თვალის კუთხეებამდე აღწევს და სახის გამომეტყველებას მთლიანად ცვლის. ხელოვნური ღიმილი კი მხოლოდ პირსა და ტუჩებს მოიცავს. ამ ორის გარჩევა საკმაოდ ადვილია.
როგორც წესი, ქედმაღლობასა და სიამაყეს გამოხატავს დოინჯშემორტყმული პოზა. ასეთი ჟესტი მხოლოდ ახლო მეგობრების წრეში შეგიძლიათ გამოიყენოთ და არავითარ შემთხვევაში საქმიან შეხვედრაზე.
როდესაც მოსაუბრეს არ უყურებთ პირდაპირ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ან არ გსიამოვნებთ მასთან ურთიერთბა, ან არ გაინტერესებთ რასაც გეუბნებათ. საინტერესო და სახალისო საუბრის დროს მოსაუბრეები ერთმანეთის მიმართ სწორ და პირდაპირ პოზიციაში დგანან და არა გვერდულად.
გადაჯვარედინებული ხელები თავდაცვის პოზაზე მიანიშნებს. ისევე, როგორც ჩამოყრილი მხრები – დაბალ თვითშეფასებაზე.

როგორც ვხედავთ, სხეულის ენა ის ფენომენია, რომელსაც ვერბალური გამოხატვის გარეშე შეუძლია ადამიანის გრძნობებისა და ემოციების შესახებ ყველაზე მეტი გადმოსცეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის მცირე დეტალები მაინც, რომლებიც დაგვეხმარება საქმიანი შეხვედრისა თუ უბრალო საუბრის პოზიტიურად ჩატარებაში.
ფსიქოლოგები “სხეულის ენას” დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ .
“სხეულის ენა” სარკესავითაა. ის მოიცავს ჟესტებ, მანერებს და ასე შემდეგ. ზოგიერთი ჟესტი ძალიან პოზიტიურ ასოციაციას ქმნის, ზოგი კი, პირიქით, – ნეგატიურს.

პასტის ხელში თამაში ხშირად იმას ნიშნავს, რომ ძალიან საქმიანია და ბევრი დრო არ აქვს ჩვენთან საუბრისთვის… ყველაზე საინტერესო პიჯაკის ღილების გახსნაა. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოა, მაგრამ ღილების გახსნა მიუთითებს, რომ გახსნილია საუბრისას და, ამავდროულად, გაუხარდა შენი ნახვა.

საინტერესოა ხელის ჩამორთმევაა. თუ მისი ხელი შენს ხელზე ზევიდან მოექცა, ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე ხაზს უსვამს შენზე უფროსობას. თუ ორივე ხელით მოგესალმა და შენი ერთი ხელი მოიქცია, არ გეგონოს, რომ სითბოს გამოხატავს. პირიქით, გეუბნება, აღარაფერი გამოგივა, შენზე დიდი ვარ რანგით და რასაც გეტყვი, უნდა დაიჯეროო. 
ხელის ნაწილობრივ ჩამორთმევა (თითებით) კი იმას მიანიშნებს, რომ მორიდებულია და თან ეშინია.
ბოლოს, რამდენიმე ჟესტის მნიშვნელობას გთავაზობთ:
ფეხის ფეხზე გადადება – გიმალავთ ინფორმაციას.
ხელების ზურგზე შემოწყობა – პრობლემის გადაჭრას ცდილობს.
თუ დაგიწყოთ მოჭუტული თვალებით მზერა – ე.ი. გაკვირდებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ მოსწონხართ.
ხელისგულები უჩანს საუბრისას – გახსნილია და შეგიძლიათ, ენდოთ.
ხელის გული ნიკაპის ქვეშაა ამოდებული, ცერა თითი კი ლოყაზეა გადაჭიმული, დანარჩენი პირთანაა თავმოყრილი – ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უმეტესწილად, რაღაცას, ვიღაცას აკრიტიკებს.
ყველაზე მეტად, ალბათ, იმას უნდა დავაკვირდეთ, როგორ გვესალმებიან და როგორი ფორმით გვართმევენ ხელს.
რა მიმნიშნებლებით შეიძლება მივხვდეთ, რომ ისინი გვეთანხმებიან
გიცდიათ თუ არა ბავშვობაში თქვენი მშობლების სახის გამომეტყველებით გამოგეცნოთ წაგიყვანდნენ თუ არა ზოოპარკში, ან გიყიდიდნენ სასურველ სათამაშოს როცა ამას სთხოვდით? თუ შუბლს შეკრავდნენ, ესეიგი ეს ნიშნავდა “არა!”-ს, თავის დაქნევა კი სიხარულით აგავსებდათ…. იმის გაგება, ეთანხმებიან თუ არა სხვა ადამიანები ჩვენს აზრებს და გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანია ზრდასრულობაშიც. ეს ნამდვილად წარმატების მომტანია მომლაპარაებლებისთვის, სამსახურის მაძიებლებისთვის და შეყვარებულებისთვისაც კი, რადგან საშუალებას გვაძლევს საჭიროების შემთხვევაში დროზე გამოვასწოროთ სიტუაცია.
ქვემოთ ჩამოთვლილია რამოდენიმე მიმნიშნებელი, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვები იღებენ ჩვენს წინადადებებს და გვეთანხმებიან:
* ხელები მაგიდაზე უდევთ გაშლილ მდგომარეობაში.
* ხელისგულები ღიაა.
* თუ ნიკაპს ისრესენ, ესე იგი ფიქრობენ.
* თავი პირდაპირ აქვთ მიმართული.
* თავს გიქნევენ.
* ფეხები ერთმანეთისგან დაშირებული აქვთ ( მიტყუპებული არ აქვთ ).
* ხშირად იღიმიან.
* ჟაკეტის/ქურთუკის ღილებს შეიხსნიან. ეს მეგობრულობის და თქვენთან თანამშრომლობის სურვილის მაჩვენებელია.
* ხელები გაშლილია, ეს გულწრფელობის მანიშნებელია.
ინტერესი
იმის გაგება, აინტერესებთ თუ არა ადამიანებს ის, რაზეც ვესაუბრებით მეტად მნიშვნელოვანია; იქნებ ტყუილად ვკარგავთ დროს?
ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი ჟესტი, მოძრაობა, მდგომარეობა სხეულისა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსაუბრე დაინტერესებულია იმით, რაზეც ვესაუბრებით:
• ინარჩუნებს თვალებით კონტაქტს ურთიერთობის მთელი დროის 60%ზე მეტხანს. რაც უფრო ფართოდ გახელილია თვალი, მით მეტია ინტერესი. ზოგადად, ადამიანი თვალებით კონტაქტს უფრო მეტხანს ინარჩუნებს როდესაც უსმენს, ვიდრე როდესაც ლაპარაკობს.
• თავი მიმართულია პირდაპირ.
• თანხმობის ნიშნად თავს იქნევენ, რაც ნიშნავს რომ ყურადღებით ისმენენ.
• ფეხის წვერი მოსაუბრისკენაა მიშვერილი.
• ხშირად იღიმიან. მაგრამ, საყურადღებოა ის, რომ ყველა ღიმილი ინტერესს არ ნიშნავს. გახანგრძლივებული ღიმილი არაა ნამდვილი. ის გვიჩვენებს თავაზიანობას, მაგრამ არა მეგობრულობას…
მიმნიშნებლები, რომელთა საშუალებითაც ვხვდებით, რომ ადამიანები ფიქრობენ
ადამიანები გამუდმებით რაღაცაზე ფიქრობენ, მაგრამ ამ დროს ყველას სხვადასხვა, ინდივიდუალური სხეულებრივი მოძრაობები ახასიათებთ. ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი მათგანი:
* ნიკაპს ისრესენ. ეს ნიშნავს რომ ისინი აანალიზებენ რაღაც საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს.
* იხსნიან სათვალეს და წმენდენ, ან ჩარჩოს ბოლოს პირში იდებენ. ეს უკანასკნელი შეიძლება ასევე ნიშნავდეს, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია აინტერესებთ და მოსასმენად მზად არიან.
* ცხვირის ძვალს (კეხის ადგილს ) ისრესენ, თვალები ამ დროს უმეტესწილად დახუჭული აქვთ. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ღრმადაა ჩაფიქრებული.
* ხელის გული ნიკაპის ქვეშაა ამოდებული, სალოკი თითი კი ლოყაზეა გადაჭიმული, დანარჩენები პირთანაა თავმოყრილი. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უმეტესწილად რაღაცას/ვიაცას აკრიტიკებს.
* დადის თავდახრილი, ხელები ზურგს უკან. ასე მოსიარულე ადამიანები უმეტესწილად სწუხან თავიანთ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებს ეძებენ.

ფერების ფსიქოლოგია

ფერთა სიმბოლიკას დიდი ხნის ისტორია აქვს. "ფერის წაკითხვას" ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რამაც ასახვა პოვა მითოლოგიაში, ზღაპრებში, თქმულებებში, სხვადასხვა რელიგიურ თუ მისტიკურ სწავლებაში. ასტროლოგიაში ცისარტყელას 7 ფერს 7 ძირითადი პლანეტა შეესაბამება: წითელი მარსის ფერია, ლურჯი - ვენერასი, ყვითელი - მერკურისა, მწვანე - სატურნისა, ალისფერი - იუპიტერისა, ნარინჯისფერი - მზისა, იისფერი კი მთვარისა.

ფერი ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც გამოხატავს. პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ფერების ფსიქოლოგიური დახასიათება ასეთია:

წითელი სისხლსა და ცეცხლთან ასოცირდება. მისი სიმბოლური მნიშვნელობა მრავალმხრივია და ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც. ეს ფერი მიანიშნებს სიხარულზე, სიყვარულზე, სილამაზეზე, თუმცა, მეორე მხრივ, გამოხატავს მტრობას, შურსა და ომსაც. წითელი ძირითადი ჰერალდიკური ფერია. ის რევოლუციის, ბრძოლის სიმბოლოა, ასევე ძალაუფლებასა და დიდებასაც ნიშნავს.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დატვირთვას, წითელი ვნების ფერია. იგი უძველესი დროიდანვე მოიაზრება აგრესიულობისა და სექსუალობის სიმბოლოდ. ადამიანი, რომელსაც წითელი უყვარს, თამამი, ნებისყოფიანი, ძლიერი და კონტაქტურია. ამასთანავე, ალტრუისტიც. მას კი, ვისაც ეს ფერი აღიზიანებს, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს, გაურბის კონფლიქტურ სიტუაციებს, უყვარს განმარტოება და სტაბილური ურთიერთობები.
წითელი ფერი ენერგიულობის გამომხატველია. მისი უარყოფა ორგანულ სისუსტეზე, ემოციურ და ფსიქოლოგიურ გამოფიტვაზე მოუთითებს.

თეთრი სისუფთავის, სიწმინდის, უმწიკვლობისა და სიხარულის სიმბოლოა. ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში ის მიწიერებას მოწყვეტილ, სულიერ უბრალოებას აღნიშნავდა. თეთრს შესაძლოა საპირისპირო მნიშვნელობაც ჰქონდეს. თავისი ბუნებით ის თითქოს შთანთქავს და ანეიტრალებს სხვა ფერებს და სიცარიელის, სიჩუმისა და, საბოლოო ჯამში, სიკვდილის სიმბოლოდაც იქცევა. თეთრი სხვა ფერების სინთეზია, ამიტომ მას იდეალურ ფერად მოიხსენიებენ. ეს ფერი შესაძლოა აირჩიოს ნებისმიერი ხასიათის ადამიანმა, რომელიც ხელს არავის ჰკრავს.

შავი უბედურების, გლოვის, სიკვდილის ფერია. ძველ მექსიკაში მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს ზვარაკს სახე და ხელები შავად ჰქონდა შეღებილი. შავი თვალები დღემდე ავის მომასწავებლად მიიჩნევა. არსებობს კავშირი შავ ფერსა და სექსუალურ მიმზიდველობას შორის.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დატვირთვას, ეს ფერი დაბალი თვითშეფასების და ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულების სიმბოლოა. მაგალითად, ადამიანები, რომელთაც შავად შემოსვა უყვართ, ცხოვრებას ხშირად მუქ ფერებში აღიქვამენ, მიდრეკილნი არიან დეპრეესიისკენ - ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათი იდეალები განუხორციელებელი დარჩება. ბავშვები, რომლებსაც სიყვარული და სითბო აკლიათ, ხატვისას ხშირად იყენებენ შავ კონტურებს. ნორმის ფარგლებში შავი ფერი, როგორც წესი, უარყოფილია.

ყვითელი ოქროს ფერია. ის უძველესი დროიდან აღიქმება მზის, შემოდგომის, მწიფე თავთავების, ხმელი ფოთლების ფერად, თუმცა იმავდროულად ავადმყოფობასთან, სიკვდილთან, საიქიოსთანაც ასოცირდება. აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ყვითელი დარდისა და გლოვის სიმბოლოა.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყვითელი სიმშვიდეს, ძალდაუტანებელ ურთიერთობებს, ინტელიგენტობას აღნიშნავს. ვისაც ეს ფერი უყვარს, კონტაქტური, ცნობისმოყვარე, თამამი პიროვნებაა, ადვილად ახერხებს სხვათა კეთილგანწყობის მოპოვებას. ვისთვისაც ეს ფერი უსიამოვნოა, პესიმისტია, მასთან ურთიერთობა ძნელია. ყვითელი ენერგეტიზმის ფერია.

ლურჯი ზოგიერთი ხალხისთვის ცისა და მარადისობის სიმბოლოა. შესაძლოა აღნიშნავდეს სიკეთეს, ერთგულებას, ურთიერთობის სიმტკიცესაც, ჰერალდიკაში კი - სიბრძნეს, სიმართლეს, კარგ სახელსა და ერთგულებას. ვისთვისაც ლურჯი საყვარელი ფერია, მოკრძალებული და მელანქოლიური პიროვნებაა. ასეთი ადამიანი მალე იღლება და ხშირად სჭირდება დასვენება. ლურჯის მიუღებლობა ახასიათებთ მათ, ვისაც თავის ყოვლისშემძლედ წარმოჩენა უყვართ, სინამდვილეში კი საკუთარ თავში ჩაკეტილი, საკუთარი ძალის რწმენას მოკლებული ადამიანები არიან.
ავადმყოფობისა და გადაღლილობის დროს ლურჯ ფერზე მოთხოვნა იზრდება.
მწვანე ბალახისა და ფოთლების ფერია. სხვადასხვა ხალხისთვის ის ახალგაზრდობის, იმედისა და მხიარულების სიმბოლოა, თუმცა ხანდახან მოუმწიფებლობისა და არასრულყოფილების აღმნიშვნელიცაა.
მწვანე ფერი ზედმიწევნით მატერიალურია და ამშვიდებს, თუმცა ზოგჯერ დამთრგუნველიცაა. პიროვნება, რომელიც მწვანეს ამჯობინებს, სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნას გაურბის, თვითდამკვიდრებას ცდილობს და ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო მას, ვისთვისაც ეს ფერი მიუღებელია, სირთულეებზე თვალის დახუჭვა სჩვევია.

მწვანე მოიცავს ფარულ არარეალიზებულ ენერგიას, რომელსაც ნებისყოფის ჩართვა და მობილიზება სჭირდება, ამიტომ მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები გამუდმებით საკუთარ თავში დარწმუნებას ცდილობენ.

ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ინფორმაციას სხვა ფერებიც გვაწვდის. მაგალითად, ნარინჯისფერი მეოცნებე და კარგი ინტუიციის მქონე ადამიანების ფერია. ჰერალდიკაში ის პირფერობასა და ცინიზმსაც აღნიშნავს. ვარდისფერი სიცოცხლის ფერია. ვინც მას ამჯობინებს, უმნიშვნელო მიზეზიც კი ანერვიულებს და აღიზიანებს. პრაგმატული ადამიანებისთვის კი ვარდისფერი მიუღებელია. იისფერი ინფანტილიზმის, თანადგომისა და დახმარების მოთხოვნილების სიმბოლოა. ამ მხრივ იისფერის მიღება-უარყოფა ფსიქიკური და სქესობრივი სიმწიფის თავისებური ინდიკატორია.


რა არის სიყვარული ?

რა არის სიყვარული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას კაცობრიობა მთელი თავისი არსებობის მანძილზე ცდილობს, თუმცა ერთგვაროვანი პასუხი, ჯერჯერობით, არ არსებობს. ფსიქოლოგები დიდი ხანია ამ ფენომენის ახსნას ცდილობენ, თუმცა მათი შეხედულებები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან.
სიყვარული, როგორც დაავადება:
ამერიკელმა ფსიქოლოგმა დოროთი ტენოვმა თავის წიგნში „სიყვარული და შეყვარებულობა“ მგზნებარე რომანტიული სიყვარული აღწერა როგორც ბრმა ბიოლოგიური მექანიზმი, რომელსაც უზრუნველყოფს წინაპრებისგან გადმოცემული გამრავლების მოთხოვნილება. ტენოვი „მგზნებარე სიყვარულს“ არ მიიჩნევს ჭეშმარიტ სიყვარულად და ის აღწერილი აქვს როგორც დაავადება, რომელიც მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომებით:
1) გამუდმებით სიყვარულის ობიექტზე ფიქრი;
2) საპასუხო გრძნობების მწვავე და მტკივნეული საჭიროება;
3) ეიფორიის შეგრძნება;
4) სრული ფოკუსირება სიყვარულის ობიექტზე იმგვარად, რომ ყურადღების გარეშე რჩება მეტად საპასუხისმგებლო და საჭირბოროტო სხვა საკითხები;
5) სიყვარულის ობიექტის დამახინჯებულად აღქმა: ხშირ შემთხვევაში გაზვიადებულია მისი დადებითი თვისებები, ხოლო უარყოფითი იგნორირებულია, ან დადებითად მიჩნეული;
6) სიყვარულის ობიექტის მიმართ ძლიერი ლტოლვა;
ტენოვის თქმით სიყვარულის, როგორც დაავადების განკურნება შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ორი წამალი მის წინააღმდეგ:
1) სიყვარულის ობიექტთან ყოველგვარი კონტაქტის გაწყვეტა – ეს მეთოდი ძალიან მტკივნეულია და თითქმის ყოველთვის დეპრესიამდე მიჰყავს ადამიანი;
2) ურთიერთობის დაწყება.
ასეთი „მგზნებარე სიყვარული“, როგორც წესი, 1–4 წლის განმავლობაში გრძელდება. შემთხვევით არ ამბობენ, რომ წყვილები ყველაზე ხშირად 4 წლის თავზე შორდებიან. თუმცა, ტენოვი სიყვარულს ბოლოს აუცილებლად პესიმისტურად არ განიხილავს: მან გამოარჩია ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც დამახასიათებელია იმ იშვიათი მონოგამური წყვილებისთვის, რომლებიც დიდხანს რჩებიან ერთად. ასეთი სიყვარული ბევრად უფრო მშვიდია და არ მოიცავს სხვა ადამიანით ერთგვარ „შეპყრობას“ და არ წააგავს სიგიჟეს.

სიყვარული, როგორც ქიმია:
მეცნიერებს დააინტერესათ, თუ რომელი ბიოლოგიური პროცესები უწყობს ხელს რომანტიული გრძნობების გამოვლინებას და ამის გამოკვლევას არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა. მაგალითად, ერთერთ ექსპერიმენტში, ინტერვიუერ გოგონას დაავალეს მისულიყო ახალგაზრდა მამაკაცებთან და ინტერვიუს შემდეგ დაეტოვებინა მათთვის ტელეფონის ნომერი. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები უფრო ხშირად უკავშირდებოდნენ გოგონას, თუ მანამდე მთის მდინარეს გადალახავდნენ: როგორც ჩანს, ფიზიკური დატვირთვით გამნოწვეულმა აღგზნებამ რომანტიული ინტერესის გამოწვევაში თავისი წვლილი შეიტანა. რამდენიმე ჰორმონი პირდაპირაა პასუხისმგებელი რომანტიულ გრძნობებზე, კერძოდ შემდეგი:
1) ფენილეტილამინი: – რომელსაც ტვინი უმცირესი რაოდენობით გამოიმუშავებს. ზუსტად ამ ნივთიერების გამოყოფაზეა, დიდწილად, „გიჟური სიყვარულის“ გამოწვევა ადამიანში დამოკიდებული. თავისი ზემოქმედებით იგი ძალიან გავს კოკაინის, ან სხვა ნარკოტიკ–სტიმულატორების მოქმედებას, ამითომ იწვევს ეიფორიას შეყვარებულობის პერიოდში. სამწუხაროდ, ფენილეტილამინის მოქმედებას თავისი ვადა აქვს, ადამიანი ეჩვევა მას და სიყვარული ადამიანში აღარ იწვევს მსგავს „ქიმიურ რეაქციას“.
2) ოქსიტოცინი: – საბედნიეროდ, სიყვარულის შეგრძნება მარტო ფენილეტილამინზე არ არის დამოკიდებული, არსებობს კიდევ ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ტვინში გამომუშავდება. ოქსიტოცინი უზრუნველყოფს შეხებაზე მგრძნობიარობას, სწორედ ის იწვევს ჩვენში „ჩახუტების“ სურვილს და გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში. სისხლში მისი შემცველობა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას იზრდება. ოქსიტოცინი გვეხმარება შევინარჩუნოთ ურთიერთობა მაშინ, როდესაც ფენილეტილამინის მოქმედება უკვე შეჩერებულია.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რაც უფრო კარგად ექცევა ადამიანი საკუთარ თავს, მით უკეთაა დაბალანსებული ეს 2 ნივთიერება მის ორგანიზმში და, შესაბამისად, მით უკეთ ირჩევს პარტნიორს.
სიყვარული, როგორც პალიტრა:
ფსიქოლოგმა ჯონ ალან ლიმ, თავის წიგნში „სიყვარულის ფერები“, განიხილა არა რომანტიული სიყვარულის არსი, არამედ მისი ვარიაციები. ის სიყვარულს ადარებს ფერად წრეს, სადაც სამი ძირითადი ფერია – მისი აზრით, ძირითადად, სწორედ სამგვარი სიყვარული არსებობს:
ეროსი: სიყვარული იდეალური ადამიანის მიმართ;
ლუდოსი: სიყვარული–თამაში;
სტორგე: მეგობრობა–სიყვარული.
ლის მიაჩნდა, რომ ამ სამი ფერის შერევით შესაძლებელია ახალი ფერის შექმნა: მაგალითად, თუ გავაერთიანებთ ეროსს და ლუდოსს, მივიღებთ მანიას – აკვიატებულ სიყვარულს,
თუ შევაერთებთ ლუდოსს და სტორგეს მივიღებთ პრაგმას: რეალისტურ და პრაქტიკულ სიყვარულს, ხოლო ეროსისა და სტორგეს შეერთებით ვიღებთ აგაპეს – ერთგულ და თავგანწირულ სიყვარულს.